სკოლის მისია:

სკოლის მისიაა აღზარდოს მოაზროვნე პიროვნება, რომელიც ღირსეულად შეძლებს ინტეგრირებას თანამედროვე მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებაში.

სკოლის ღირებულებები:

შეჯერებული ბრიტანული და ქართული კურიკულუმის, პროფესიონალი მასწავლებლების, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომისა და ნასწავლის გააზრებაზე ორიენტირებული განათლების საშუალებით, მოსწავლეებს აზროვნებისათვის აუცილებელ ინტელექტუალურ საფუძველს ვაძლევთ და პირველივე კლასიდან ვიწყებთ მათში მოაზროვნე პიროვნების ძიებასა და განვითარებას.

ჩვენთვის ცოდნასა და განათლებას შორის განსხვავება სწორედ გააზრებაშია. ამიტომ, ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე დაფუძნებით, ვქმნით სწავლების უნიკალურ ქართულ სისტემას.

ნასწავლის გააზრება მრავალმხრივი აზროვნების განვითარების საფუძველია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ – შემეცნებისთვის აუცილებელი უმაღლესი დონის უნარი, რომელიც ადამიანს საზოგადოების ღირსეულ წევრად აქცევს და საკუთარი მიკრო თუ მაკრო სამყაროს მუდმივად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. განათლების უნიკალური, ჩვენეული მოდელის თითოეული კომპონენტი სწორედ ამას ემსახურება: გონებისა და გულის მუდმივ ვარჯიშს, ახალ თაობაში თეორიული, პრაქტიკული, შემოქმედებითი, კრიტიკული, პროდუქტიული და რეპროდუქტიული აზროვნების განვითარებისთვის.

საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ. თითოეული ჩვენგანის მიერ სკოლაში შექმნილი გარემო კარგი მაგალითია მოსწავლეებისთვის, აღვივებს და ამყარებს მათში ღირსების გრძნობას და მათ პიროვნულ ჩამოყალიბებასა და ზნეობრიობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

თანაგანცდა წარმართავს ჩვენს ქცევას. თანაგანცდის უნარის წყალობით, ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ ბავშვს, მშობელსა თუ თანამშრომელს, ვისმენთ , ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.

ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს იდენტობას. გვწამს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენი საკუთარი ვინაობის გააზრებაზე გადის – თვითგამორკვევაზე, ადამიანებზე, რომელთაც კარგად იციან რანი ვყოფილვართ, ხედავენ რანი ვართ და რანი ვიქნებით. ღია და გახსნილები ვართ უცხოურის მიმართაც. მხოლოდ გაცნობიერებულად ვსწავლობთ სხვებისგან და ამ ცოდნას ისევ საკუთარი ქვეყნის, იდენტობისა და, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის განახლებისა და დახვეწისთვის ვიყენებთ.

პატივს ვცემთ ჩვენს ერთობას. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის წარმატება მთელი გუნდის წარმატებაა, გუნდის მიზანი კი მისი თითოეული წევრის მიზანია. ხმამაღლა ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათ ერთად ვჭრით.